logo
ENG



"საქართველოს რეპუტაციაზე ნეგატიურად ისახება" - ლორდთა პალატაში სააკაშვილზე ისაუბრეს

27 თებ 202319:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/27/f3uzamxj6s1qd2g.png

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საკითხი განიხილეს.

პალატის წევრებმა სააკაშვილის კონტექსტში საქართველოზე რუსეთის გავლენის, რუსეთთან ბიძინა ივანიშვილის შესაძლო კავშირი და ნიკა გვარამიას პატიმრობის საკითხიც განიხილეს. პალატის არაერთმა წევრმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის საკითხს იქნება ნეგატიური გავლენა საქართველოს რეპუტაციაზე და მის განაცხადზე ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.

ლორდ ზაკ გოლდსმიტის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთანაც ისაუბრეს და საკითხის მონიტორინგს გააგრძელებენ.

გოლდსმიტი ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მხოლოდ საქართველოს საშინაო საკითხი, არამედ გავლენა აქვს საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

"საქართველოს ხელისუფლება ისე იქცევა, რომ მისი ქმედებები უკან წევენ ქვეყანას მისი ევროატლანტიკური გაწევრიანებისგან", - თქვა ლორდთა პალატის წევრმა.

თავის მხრივ ლორდ რიჩარდ ჰარისმა აღნიშნა, რომ ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ეკონომიკურ, პოლიტიკურ და მედია გარემოს აკონტროლებს, მიუხედავად იმისა, რომ მას ოფიციალური თანამდებობა არ უკავია.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, პალატის წევრმა ლორდ ვოლესმა ის პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენია.

***

საქართველოს სახალხო დამცველმა 27 თებერვალს მიხეილ სააკაშვილთან მოწვეული სპეციალისტებისა და ექსპერტების ჯგუფის მორიგი დასკვნა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პაციენტი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. ომბუდსმენის კონსილიუმი ექსპრეზიდენტთან 19 თებერვალს იმყოფებოდა.

მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის წინა დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.

კლინიკა ვივამედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას გაავრცელებენ. თუმცა 22 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე კლინიკის ექიმებმა არ უარყვეს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა - მათ განაცხადეს, რომ პაციენტს ზოგადი სისუსტე აწუხებს, არაბალანსირებულად იკვებება და წონაში კლებას აგრძელებს.

სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და ექიმებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც ითხოვენ. ამის შესახებ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.


close დახურვა